სასწავლო ტური ბავარიის ტყის ეროვნულ პარკში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი მოადგილესთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გიგლა აგულაშვილმა, ეკატერინე გრიგალავამ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა გამართეს შეხვედრა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) დირექტორთან, ევა უიტთან და ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან აღმოსავლეთ ევროპაში - იან ბლუმთან და ტომას აიზენბახთან. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ტური ბავარიის ტყის ეროვნულ პარკში. ტურის მიზანს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და გარემოსდაცვითი განათლების მართვაში საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ტურის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ვიზიტორთა ცენტრებისა და საგამოფენო სივრცეების კონცეფციის შემუშავების, ტურისტული და ეკო-საგანმანათლებლო ბილიკების მოწყობისა და გარემოსდაცვითი განათლების საკითხებს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ეროვნულ პარკში ბავშვებისა და უფროსებისათვის მოწყობილი საგანმანათლებლო ბანაკებიც მოინახულეს.
სასწავლო ტური გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებული პროგრამის - „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ (SPPA-საქრთველო) - ფარგლებში განხორციელდა.