შეხვედრა ჩეხ ექსპერტებთან გეოპარკის შექმნასთან დაკავშრებით
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბერიძე და თავმჯდომარის მრჩეველი ამირან კოდიაშვილი გეოპარკის მიმართულებით მომუშავე ექსპერტებს იანა მიხალკოვას, იან დოუცეკს და მარიკა ბოკერიას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს მომავალი სამოქმედო გეგმის დასახვა გეოპარკის მიმართულებით წარმოადგენდა. გეოპარკი არის ტერიტორია, რომელიც გამორჩეულია მეცნიერულად მნიშვნელოვანი და ცნობიერების ამაღლებისათვის გამოსაყენებელი გეოლოგიური მემკვიდრეობით. გეოპარკის შექმნა ხელს უწყობს როგორც რეგიონალურ ასევე ტურიზმის სფეროს განვითარებას კონკრეტულ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ UNESCO- ს პატრონაჟის ქვეშ მოქცეულია ეროვნული გეოპარკების ქსელი, სადაც გაერთიანებულია 22 ქვეყანა, სულ 64 წევრი. გეოპარკის შექმნა ასევე ხელს შეუწყობს გარკვეულ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას. ჩეხეთში გეოპარკების შექმნის იდეა კოორდინირებულია ეროვნული გეოპარკების საბჭოს მიერ, რომელიც თავისი აქტივობების განვითარებას ახორციელებს 6 ეროვნულ გეოპარკში და ასევე 4 პარკში, რომელიც გეოპარკობის კანდიდატია. ჩეხური გეოპარკების მაგალითზე საქართველოშიც არის შესაძლებელი შეიქმნას გეოპარკი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, რომლის მეშვეობითაც ხელი შეეწყობა ტურიზმის განვითარებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მსგავსი შეხვედრების ორგანიზება მომავალშიც იგეგმება.