თრუსოს ხეობის საველე კომისიის დასკვნა

თრუსოს ხეობის საველე კომისიის დასკვნა

2013 წლის 18 აგვისტოს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში სპეციალურმა კომისიამ  განახორციელა თრუსოს მინერალური წყლისა და თანმხლები ნახშირორჟანგა აირის საბადოს საველე სარეკოგნოსცირებო კვლევა. მისი მიზანი იყო აღნიშნულ საბადოსთან არსებული შპს „კასარას“ კუთვნილი ჭაბურღილის შესაძლო ზემოქმედების შეფასება ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე თრუსოს ტრავერტინზე, აბანოს მინერალურ ტბასა და ასევე, ეროვნული პარკის საზღვართან მდებარე ქეთერისის კარსტულ წყაროზე (ვოკლუზზე).

საველე კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ოთარ წამალაიძე, ექსპერტი გეოლოგები უჩა ზვიადაძე, ირაკლი მიქაძე და ნიკო საბაური, ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი მარინა ჩქარეული, ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ქირიკაშვილი, შპს „კასარას“ წარმომადგენლები სერგო ნეფარიძე და გოჩა მალანია, ასევე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები ლაშა მოისწრაფიშვილი, თომა დეკანოიძე, ხათუნა წიკლაური და ავთანდილ მიქაბერიძე.

აღნიშნული კვლევის საფუძველზე, კომისიის ორი წევრის, კერძოდ უჩა ზვიადაძისა და ნიკო საბაურის მტკიცებით, ჭაბურღილის ზემოქმედება მოკვლევის ობიექტებზე სრულიად გამორიცხულია, ხოლო ირაკლი მიქაძე კი თვლის, რომ საექსპლუატაციო ჭაბურღილის ზემოქმედება თრუსოს ხეობის ტრავერტინებზე, აბანოს მინერალურ ტბასა და ნახშირმჟავა მინერალური წყლების რეჟიმზე, გეოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე,  შესაძლოა, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია.

სპეციალისტების აზრი საერთოა მონიტორინგის საკითხში. კერძოდ, აუცილებლია ლიცენზიანტის მიერ შემუშავდეს და შემდგომში შეთანხმდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ჭაბურღილის ექსპლუატაციის სქემა  და განხორციელდეს პერმანენტული ზედამხედველობა ექსპლუატაციის რეჟიმზე.  ასევე, უნდა მოხდეს მონიტორინგი თრუსოს ხეობის უნიკალურ ბუნებრივ წარმონაქმნებზე, სახელდობრ, აბანოს მინერალურ ტბაზე, ქეთერისის მინერალურ ვოკლუზზე და ტრავერტინებზე. მრავალწლიანი  მონიტორინგის შედეგების ანალიზი შესაძლებელს ხდის საბოლოო დასკვნა იქნას გამოტანილი იმის შესახებ, თუ რა საექსპლუატაციო ზეგავლენა აქვს ნახშირმჟავა გაზს  თრუსოს ხეობის ბუნებრივ წარმონაქმნებზე.