ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი გადაეცა

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის გადაცემის საზიემო ცერემონია გაიმართა. ღონიძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგოლავა, ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინიციატივების დეპარტამენტის თავმჯდომარე ელადიო ფერნანდეს-გალიანო, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
ევროპული დიპლომი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინიციატივების დეპარტამენტის თავმჯდომარე ელადიო ფერნანდეს-გალიანომ გადასცა.
დიპლომი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დადგენილებით, 5 წლის ვადით დარჩება. 
ევროპის საბჭო სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულებების თვალსაზრისით გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს დიპლომით 1965 წლიდან განსაზღვრული ვადით აჯილდოებს და იგი, ევროპის მასშტაბით, მხოლოდ 28 ქვეყნის 74 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. 
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები: ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, და სამი ბუნების ძეგლი - ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი, ალაზნის ჭალის ტყე და არწივის ხეობა, ევროპული დიპლომის კანდიდატად დაცული ტერიტორიების სააგენტომ 2014 წლის დასაწყისში წარადგინა, როგორც სამაგალითო მენეჯმენტის, ბუნების კონსერვაციის თვალსაზრისით წარმატებული და ევროპული მასშტაბის მნიშვნელობის მქონე ბიოლოგიური და გეოლოგიური ობიექტი.
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ახასიათებთ უნიკალური ლანდშაფტი, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, ასევე, არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური არტეფაქტების სიმრავლე, გამოირჩევა ენდემიზმის მაღალი დონითა და რელიეფის იშვიათი ფორმებით. დათვის ხევსა და პანტიშარას ხეობაში აღმოჩენილია რამდენიმე მილიონი წლის წინანდელი ნამარხი მასტოდონტის (მამონტისმაგვარი არსება), ცხენის სამთითიანი წინაპარი ჰიპარიონის, ხმელთაშუა ზღვის კუსა და სხვა პრეისტორიულ ცხოველთა ნაშთები. 
ცერემონიის დასასრულს, გარემოს გლობალური ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კოლხური ხოხბის აღდგენა ბუნებრივ ჰაბიტატებში“ ფარგლებში, პროექტის წარმომადგენლებმა და ღონისძიების სტუმრებმა ფრინველთსაშენში გაზრდილი ხოხბები ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ველურ ბუნებაში გაუშვეს.