მთავარანგელოზის მთის ბილიკი
სირთულე: საშუალო, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო - 10.5კმ
მთავარი ღირსშესანიშნაობები: მთავარანგელოზის მთა, პანორამული ხედები.
სამანქანო მარშუტი (2,6კმ) იწყება სოფ. სინდიეთიდან და მთავრდება სოფლის ბოლო მოსახლის ეზოსთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკი (3,2 კმ) მიემართება მთავარანგელოზის მთის მიმართულებით. საფეხმავლო ბილიკი მიუყვება შავშეთის ქედის სამხრეთ ციცაბო ფერდობზე მიმავალ ვიწრო საცალფეხო ბილიკს, რომელიც შედის ულამაზეს კოლხური ტიპის ტყეში, გადაკვეთს რამდენიმე ნაკადულს, ძველ ნამოსახლარებს, გაივლის წიფლისა და წაბლის ტყეებს და შედარებით ფართო გზით გრძელდება მურყანის ხეივანში. გზად ვიზიტორს შეხვდება საპიკნიკე და საბანაკე ადგილები, აქვეა სასმელი წყაროც. აქედან კი ბილიკი ადის მთავარანგელოზის მთის გადასახედთან, საიდანაც მოჩანს მაჭახელას ეროვნული პარკის, ქ. ბათუმისა და მდინარე ჭოროხის ულამაზესი ხედები. გადასახედი ადგილიდან 300 მეტრში მოწყობილია ეკო-საგანმანათლებლო სივრცე, სადაც შესაძლებელია გაეცნოთ მაჭახელას ეროვნული პარკის ფლორასა და ფაუნას და ჩაატაროთ ეკო-საგანმანათლებლო ლექციები და სხვა აქტივობები.
მთავარანგელოზის მთის ბილიკის დაწყება შესაძლებელია ასევე მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან (სოფ. აჭარისაღმართი). მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან მიუყვება სამანქანო სასაფლო გრუნტის გზას, რომელიც შავშეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე შეფენილი სოფელ აჭარისაღმართის ვიწროებში გადის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ მარშრუტის სამანქანო მონაკვეთის (6.6 კმ) გასავლელად საჭიროა მაღალი გამავლობის მანქანა. სამანქანო გზის გავლის შემდეგ იწყება საფეხმავლო ბილიკი (1.4 კმ), რომელიც მთავარანგელოზის მთის გადასახედზე ადის. საფეხმავლო ბილიკი შესაძლებელია დასრულდეს სოფ. სინდიეთში (3,2კმ) ან იმავე გზით დაბრუნდეს უკან.
ეს ბილიკი ასევე გაძლევთ საშუალებას უკან დაბრუნების სანაცვლოდ გზა ორი მიმართულებით გააგრძელოთ, პირველი ეს არის მახუნცეთის ჩანჩქერის მიმართულება (15,7 კმ) ქედაში, რომელიც გაივლის ულამაზესი ლანდშაფტური ხედებით წარმოდგენილ გზას, სოფ. უჩხითის პატარა ორღობეებს და სრულდება სოფ. მახუნცეთში მდებარე მახუნცეთის 50 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერთან, რომელიც ძალიან ბევრ მნახველს იზიდავს ან გზა გააგრძელოთ ქედის მიმართულებით მტირალას ეროვნული პარკის ორი მთის ბილიკზე რომელიც 2 დღიანი სალაშქრო ბილიკია, კერძოდ სოფ. უჩხითის გავლით ჩადიხართ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, რომლის გადაკვეთის შემდეგ პირდაპირ სოფ. ზუნდაგას გავლით მოხვდებით ორი მთის ბილიკზე.
*შენიშვნა: ორი მთის ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მტირალას ეროვნული პარკის გვერდზე).