თეთრი ხავსი
მთავარი ღირსშესანიშნაობა: სფაგნუმის ანუ თეთრი ხავსის ტორფნარზე გასეირნება გადამფრენ, მობუდარ და მოზამთრე ფრინველებზე დაკვირვება, დროზერა ფლორის იშვიათი სახეობის ნახვა.
მანძილი: 700 კმ
ხანგრძლივობა: 1 სთ
სირთულე: მარტივი
წრიული საფეხმავლო ბილიკი იწყება მდ. შავღელესთან და მიემართება „თეთრი ხავსის“ მიმართულებით. მარშრუტზე ქობულეთის დაცული ტერიტორიების მრავალფეროვან მცენარეულ საფარს გაეცნობით. მდ. შავღელეზე გადასვლისას, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ფლორის ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა შხაპრი, ყვითელი დუმფარა, ბუშტოსანა ადრე გაზაფხულზე მოყვავილე ცხენისკბილა. მდინარის გადაკვეთის და ჭილიანი მონაკვეთის გავლის შემდეგ, იწყება ისპანის ნაკრძალი - მსოფლიოში ყველაზე ძველი პერკოლაციური სფაგნუმიანი ტორფნარი (გუმბათისებრი ჭაობი) - ისპანი 2. სანამ სფაგნუმიან საფარველს მიაღწევთ, მოხვდებით გამყინვარების დროინდელი უძველესი სახეობის - სამეფო გვიმრის საბურველის ქვეშ.
დროზერის ნახვა შესაძლებელია ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის სამხრეთ-დასავლეთით. ამ ტურისტულ მარშრუტზე შეხვდებით სფაგნუმის ბალიშებზე გაზრდილ მცენარეებს, როგორიცაა მწერიჭამია დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, კავკასიის და თეთრი რინხოსპორა, ულამაზესი ჯადვარი, მაისის თვეში აყვავებული შქერი, იელი და სამეფო გვიმრა.