ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები

 

/ შეიქმნა 2003 წელს /

დირექტორი: გიორგი სიმონიშვილი

ტელ: 595 50 80 55  |  ელ-ფოსტა: g.simonishvili33@gmail.com


ფეისბუქის გვერდი: ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები/Batsara Babaneuri Protected Areas
მისამართ: ქ. ახმეტა, ქუჩა ჭავჭავაძის 105

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი 2003 წელს  შეიქმნა და ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებს და ილტოს აღკვეთილს მოიცავს.

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა. ბაწარას ნაკრძალი პანკისის ხეობაში, კერძოდ, მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადის, მდინარე ბაწარას ხეობაში ზღ. დ. 700-2,000 მ-ზე მდებარეობს. მდინარე ბაწარას ხეობის შუა ნაწილში მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის, უთხოვრის ტყის თითქმის 270 ჰა-იანი კორომებია შემორჩენილი. უთხოვრის ასეთი დიდი ზომის კორომებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ბაბანეურის ნაკრძალი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ძელქვის თითქმის 240 ჰექტრიანი კორომების დაცვის მიზნით, 1961 წელს დაარსდა და იგი ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთზე, სოფლების ქვემო ალვანის, ბაბანეურისა და ლალისყურის სიახლოვეს ზღ. დ. 380-1,100 მ-ის სიმაღლეზეა განლაგებული. 

ილტოს აღკვეთილი მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს მოიცავს და ზღ. დ. 900-2000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. ის აღმოსავლეთით  ბაწარის ნაკრძალს ესაზღვრება. მისი დაარსების მიზანი ილტოს ხეობაში არსებული ტყის ძვირფასი ჯიშების და ამ ტყეებისთვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენაა. მტაცებელ ფრინველთაგან აქ კაკაჩა, ქორი, მიმინო, ორბი და, იშვიათად, ბატკანძერაც გვხვდება. ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია ზღარბი, კვერნა, კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა, მგელი, გარეული ღორი, დათვი, შველი, ფოცხვერი და არჩვი. ძალზე იშვიათია წავი.

ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.

ილტოს აღკვეთილში  ბოტანიკური, შემეცნებითი და სათავგადასავლო ეკოტურების მოწყობაა შესაძლებელი.

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე

ბილიკები

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობები

ფოტოგალერეა

გვიპოვეთ Google Maps-ზე