ისტორია, მისია და მიზნები
ისტორია
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩამოყალიბებამდე აღნიშნულმა სტრუქტურამ განვითარების მრავალი ეტაპი გაიარა.
1951 წლამდე საქართველოში არსებობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ნაკრძალების სამმართველო.
1952 წელს შეიქმნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სანადირო მეურნეობის საქმეთა სამმართველო, რომელიც 1953 წელს სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით შევიდა სოფლის მეურნეობისა და დამზადების სამინისტროს შემადგენლობაში.
1954 - 1957 წლებში შეიქმნა ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სამმართველო, რომელიც კვლავ ექვემდებარებოდა სსრ სოფლის მეურნეობისა და დამზადების სამინისტროს.
1957 - 1965 წლებში არსებობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სატყეო მეურნეობის ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველო, რომელიც 1967-დან 1975 წლამდე განაგრძობდა ფუნქციონირებას, როგორც საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველო.
1975 - 1980 წლებში ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სამმართველო სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაშია, რომელიც 1980 წლიდან 1992 წლამდე ფუნქციონირებს, როგორც მთავარი სამმართველო.
1992 წლიდან 1997 წლამდე უწყება საქართველოს რესპუბლიკის ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველოა
1997 წლიდან 2004 წლამდე უწყება საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტად ყალიბდება.
2004 წლიდან შეიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი;
2008 წლის 1 თებერვლიდან ყალიბდება და ფუნქციონირებას იწყებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცული ტერიტორიების სააგენტო.
2025 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 929 996 ჰა-ს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,34%-ია. საქართველოში (IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით) 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 15 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 26 აღკვეთილი, 5 დაცული ლანდშაფტი და ერთი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
მისია და მიზნები
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სისტემის მართვა.
სააგენტოს მიზნებს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესება, ტერიტორიული ადმინისტრაციების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი, ახალი დაცული ტერიტორიების დაგეგმვა, შექმნა და განვითარება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ძირითად მიზნებია:
- ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბიოგეოგრაფიული ერთეულების გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა;
- ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა;
- საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
- უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების შენარჩუნება;
- ეროზიული, ღვარცოფის, წყალდიდობა-წყალმოვარდნის, ზვავის, მეწყრის აქტიური გავლენის ზონაში მოხვედრილი ტერიტორიების, აგრეთვე ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ფორმირების, გადინებისა და განტვირთვის არეალების დაცვა ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან;
- ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური კომპლექსების დამახასიათებელი პეიზაჟების შენარჩუნება და აღდგენა;
- განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი ობიექტების ტერიტორიაზე შესაბამისი საველე პირობების შექმნა;
- ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;
- ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ხალხური შემოქმედების დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შესანარჩუნებლად;
- სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დანიშნულების ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება.