დაცული ლანდშაფტი
საქართველოში 7 დაცული ლანდშაფტია, რომელთა საერთო ფართობი 238 687.4 ჰექტარს შეადგენს. პირველი დაცული ლანდშაფტი - თუშეთის დაცული ლანდშაფტი, შეიქმნა 2003 წელს.
დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთ კატეგორიას. დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, რომელიც ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად არის ჩამოყალიბებული. ასევე, ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად, რათა გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად, დაცული იქნას ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები.
ამ კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა, კონსერვაციის მიზნების ხელშეწყობა, ამავდროულად, ეკოტურიზმის განვითარება და სოციალური პროექტების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დაცული ლანდშაფტები იმართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ, დაცული ტერიტორიების შესაბამის ტერიტორიულ ადმინისტრაციასთან და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.