აღკვეთილი
საქართველოში 27 აღკვეთილია, რომელთა საერთო საერთო ფართობი 106 705.37ჰექტარს შეადგენს.
1996 წლამდე საქართველოში აღკვეთილის კატეგორია არ არსებობდა. იმ პერიოდში შექმნილი იყო სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობები, რომლებსაც მართავდა საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველო. 1997 წლიდან საქართველოს კანონის „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ თანახმად, არსებული სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობების ბაზაზე შეიქმნა აღკვეთილები.
აღკვეთილი წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთ კატეგორიას. აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მიერ სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება.