დასრულებული პროექტები
აჯამეთის აღკვეთილის მდგრადი განვითარება
პროექტები
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, BP საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, 2023–2026 წლებში ახორციელებდა პროექტს „აჯამეთის აღკვეთილში ბიომრავალფეროვნების აღდგენა“, რომლის მიზანი იყო აჯამეთის აღკვეთილის ტყის ეკოსისტემის აღდგენა, იმერული მუხისა და კავკასიური ძელქვის პოპულაციების შენარჩუნება-გაძლიერება, სანერგე მეურნეობის განვითარება და დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერება.
პროექტი განხორციელდა აჯამეთის აღკვეთილში მიმდინარე გარემოსდაცვითი საქმიანობების გაგრძელებისა და განვითარების მიზნით, განსაკუთრებული აქცენტით იმერული მუხის (Quercus imeretina) დაცვასა და აღდგენაზე. აღნიშნული სახეობა წარმოადგენს აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემურ ღირებულებას და შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც დაცული მერქნიანი სახეობა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტყის აღდგენის ფართომასშტაბიანი ღონისძიებები. სამიზნე ტერიტორიაზე გაშენდა იმერული და ქართული მუხის, ასევე კავკასიური ძელქვის ნერგები, განხორციელდა თესლით გამრავლების ღონისძიებები და დამატებით აღდგა დაზიანებული ტყის უბნები. ასევე მოეწყო სანერგე, სადაც აღკვეთილის ტერიტორიაზე შეგროვებული თესლისგან გამოყვანილი ნერგები მომავალშიც გამოყენებული იქნება ტყის აღდგენის ღონისძიებებისთვის.
პროექტის განხორციელების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნერგების მოვლასა და მათი გახარების უზრუნველყოფას. ჩატარდა ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებები, გამოყენებულ იქნა ორგანული ბიოსასუქები და ბიოპრეპარატები, განხორციელდა ნერგების რეგულარული მოვლა, დაავადებების პრევენციული დამუშავება, სარწყავი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სხვა აუცილებელი აგროტექნიკური სამუშაოები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნერგების ზრდასა და განვითარებას.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგები ტყის აღდგენის თანამედროვე მეთოდების, ნიადაგის ნაყოფიერების მართვის, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის, უსაფრთხოების, ველური ბუნების მონიტორინგისა და პირველადი დახმარების საკითხებზე. თეორიულ სწავლებასთან ერთად მონაწილეებმა პრაქტიკული უნარებიც შეიძინეს, რაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიის ეფექტიან მართვას მომავალშიც.
პროექტის დასრულების ეტაპზე აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციას გადაეცა პროექტის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინვენტარი და სხვა აუცილებელი ძირითადი საშუალებები. ასევე მომზადდა და ადმინისტრაციას გადაეცა რეკომენდაციები ტყის აღდგენითი ღონისძიებებისა და ნერგების შემდგომი მოვლის შესახებ, რაც უზრუნველყოფს პროექტის შედეგების მდგრადობას და აღდგენილი ტერიტორიების ეფექტიან მართვას.