დასრულებული პროექტები
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების აღჭურვა და განვითარება
პროექტები
სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსა“ და „ბრითიშ პეტროლიუმს“ (BP) შორის 2022 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2024–2026 წლებში განხორციელდა პროექტი „Equip and Develop Lagodekhi Protected Area“.
პროექტის მიზანი იყო ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის გაძლიერება. 253,839 ლარის ბიუჯეტით განხორციელებული პროექტის ფარგლებში განახლდა ჰელიოსისტემა და დამონტაჟდა მზის პანელები, რამაც უზრუნველყო ვიზიტორთა და სარეინჯერო კოტეჯების სტაბილური ენერგომომარაგება. ეკოტურისტული სერვისების განვითარების მიზნით, საკარვე ადგილები და კოტეჯები აღიჭურვა მზის ენერგიაზე მომუშავე საშხაპე სივრცეებით, ხოლო ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე კლიმატური მონიტორინგის სადგური, რომელიც რეალურ დროში უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური მონაცემების მიღებას.
პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა ბიომრავალფეროვნებისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებისთვის ჩატარდა ტრენინგი უსაფრთხოების წესებისა და გარეულ ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგისა და დაცვის ღონისძიებების შესახებ, ასევე მომზადდა საინფორმაციო ბროშურის დიზაინი ბუნებაში ცხოველებთან ქცევის წესების შესახებ.
პროექტის შედეგად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, ვიზიტორთა მომსახურების ხარისხი და ტერიტორიის მართვისა და მონიტორინგის ეფექტიანობა, რაც სრულად შეესაბამება მემორანდუმით განსაზღვრულ მდგრადი განვითარების მიზნებს.