სახელმწიფო ნაკრძალი
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განფენილი. ნაკრძალი მოიცავს მდინარეების: მაწიმისხევის, ლაგოდეხისხევის, შრომისხევისა და ბაისუბნის აუზებს. მისი ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს დაღესტანთან, აღმოსავლეთიდან კი ესაზღვრება მდინარე მაწიმისხევი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს აზერბაიჯანთან. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნა პოლონელი ნატურალისტის ლუდვიკ მლოკოსევიჩის სახელთანაა დაკავშირებული; დაარსების უმთავრესი მიზანი, კი, იყო კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების უნიკალური, ხელოვნური ჩარევისგან თავისუფალი ეკოსისტემების, ხელუხლებელი წიფლნარ-რცხილნარი ტყეებისა და იშვიათი ფლორისა და ფაუნის დაცვა, შენარჩუნება და მეცნიერული შესწავლა. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის საერთო ფართობი დღეს შეადგენს 19 755 ჰექტარს.